გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, რაც პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობას.

OCBC-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ზემოთ შენარჩუნდება, რადგან აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს. დაძაბულობა უკვე მესამე კვირაა გრძელდება, რამაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა მკვეთრად შეაფერხა. აღნიშნულ სრუტეზე მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი მოდის, ამჟამად კი იქ გადაზიდვები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტს ქმნის.

ექსპერტებმა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი მკვეთრად შეცვალეს – ადრინდელი 70 დოლარის ნაცვლად, ახლა 100 დოლარს ვარაუდობენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს მაღალი მაჩვენებელი 2026 წლის შუა პერიოდამდე შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ალტერნატიული გზები და სტრატეგიული რეზერვები, ხანგრძლივი კონფლიქტის შემთხვევაში მიწოდების სერიოზული წყვეტა მაინც გარდაუვალია.
პროგნოზის მიხედვით, ფასები 70-დოლარიან ნიშნულს მხოლოდ 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება, როდესაც კრიზისული ვითარება ეტაპობრივად ამოიწურება. მანამდე კი ბაზარი მიწოდების სერიოზული შოკის წინაშე დგას, რაც დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს.

წყარო: Investing.com

Shares: