კომპანია Meta-მ, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ტყეების კარტოგრაფირების გლობალური სისტემის განახლებული ვერსია – Canopy Height Maps v2 წარადგინა. ეს არის ღია კოდის მქონე მოდელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უახლეს, DINOv3 ტექნოლოგიას იყენებს.

 ეს ტექნოლოგია რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება:

  • ტყეების დაცვა: მეცნიერები თვალყურს ადევნებენ ტყეების მდგომარეობას და მათი აღდგენის პროცესს.
  • კლიმატის ცვლილება: პროგრამა ეხმარება სპეციალისტებს, დათვალონ, თუ რამდენი ნახშირბადის შენახვა შეუძლია კონკრეტულ ტყეს.
  •  ბრიტანეთში ამით ტყეების ინვენტარიზაციას ახდენენ, ევროკავშირი კი მას „3 მილიარდი ხის დარგვის ინიციატივისთვის“ იყენებს. ამერიკის ქალაქებში ამ რუკებს ქალაქის სწორად დასაგეგმად და გამწვანებისთვის იყენებენ.

ახალი მოდელი გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე მისი 2024 წლის ვერსია – მისი სიზუსტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 0.53-დან 0.86-მდე გაიზარდა. ტექნოლოგია აანალიზებს თანამგზავრულ ფოტოებს და მათზე დაყრდნობით სწავლობს ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხეების ჩრდილები, ფაქტურა და ფორმები, რაც ხეების სიმაღლის ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება. მოდელის გასაწვრთნელად გამოყენებულ იქნა გეოგრაფიულად მრავალფეროვანი მონაცემები, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, უკეთესად აღიქვას მაღალი ხეები და მინიმუმამდე დაიყვანოს ცდომილებები.

აღსანიშნავია, რომ Meta-მ ეს სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი (ღია კოდის მქონე) გახადა, რაც ნებისმიერ ქვეყანას აძლევს საშუალებას, უკეთ გაუფრთხილდეს საკუთარ ბუნებრივ რესურსებს.

წყარო: Investing.com

Shares: