ეკონომიკური სირთულეების ფონზე, ამერიკული სწრაფი კვების გიგანტი ფასების შემცირებასა და ბიუჯეტური შეთავაზებების გაფართოვებას გეგმავს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აპრილიდან „მაკდონალდსი“ აშშ-ის ბაზარზე ახალ მენიუს წარადგენს, სადაც გარკვეული კერძების ფასი 3 დოლარი ან ნაკლები იქნება, ხოლო საუზმის პაკეტების შეძენა 4 დოლარად გახდება შესაძლებელი. აღნიშნულ პროექტს კომპანიაში შიდა სახელით „McValue 2.0“-ს უწოდებენ. ახალი შეთავაზება მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა მაკმაფინი, ჰეშბრაუნი, ყავა, სოსისის ბისკვიტი და 4-ნაჭრიანი ჩიქენ მაკნაგეტსი.
ეს გადაწყვეტილება მომხმარებლების მოსაზიდად არის მიღებული, რომლებიც პოსტპანდემიური ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო უფრო ეკონომიურ ვარიანტებს ეძებენ. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, იაფი მენიუების მარკეტინგი მათ დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტების დაბრუნებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ პარალელურად, ხელმისაწვდომობის გაზრდაზე აქტიურად მუშაობენ მისი კონკურენტებიც, მათ შორის Burger King-ი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ წელსაც შესთავაზა მომხმარებელს გარკვეული ფასდაკლებები, ახალი ინიციატივა უფრო მასშტაბურია და მიზნად ისახავს ბაზარზე პოზიციების გამყარებას.







