კომპანია Sphere Entertainment-მა მეოთხე კვარტალში უოლ-სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა, რამაც მისი აქციების ფასი 21%-ით გაზარდა და პირველად ისტორიაში, მისი ფასი 100 დოლარიან ნიშნულს გადაცდა. კომპანიის აქციები 2025 წლის სავაჭრო ომებიდან მოყოლებული, თითქმის 370%-ით არის გაზრდილი.

კომპანიის შემოსავალმა 394 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 378 მილიონს. აღსანიშნავია, რომ ლას-ვეგასის Sphere-ის გახსნის შემდეგ, 2023 წლიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ მოგება დააფიქსირა. ამ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა შოუმ “ოზის ჯადოქარი” (The Wizard of Oz), რომლის ბილეთების გაყიდვებმაც 260 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2025 წლის მონაცემებით, ლას-ვეგასის Sphere მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი გასართობი ობიექტი გახდა.

აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დოლანი კომპანიის გაფართოებაზეა ფოკუსირებული. აბუ-დაბისა და მერილენდის National Harbor-ში უკვე დაგეგმილია ახალი ობიექტების მშენებლობა. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე პროექტი შედარებით მცირე მასშტაბის იქნება (6,000 ადგილიანი) და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. დოლანის თქმით, ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ სხვა საერთაშორისო პარტნიორთან.

საერთო ჯამში, 12 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 1.22 მილიარდი დოლარი შეადგინა. Sphere დაარსების პერიოდში ინოვაციურ ბიზნეს მოდელად ითვლებოდა, რომელიც კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას თანამედროვე გასართობ ინდუსტრიაში.

წყარო: Yahoo Finance

Shares: