აშშ-ის აგრობიზნეს გიგანტი Cargill ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე ძროხის გადამამუშავებელ საწარმოს სამუდამოდ ხურავს, რის შედეგადაც 221 სამუშაო ადგილი გაუქმდება. ინფორმაცია კომპანიამ შტატის შრომის განვითარების დეპარტამენტში ოფიციალური განცხადების საფუძველზე გავრცელდა.
Cargill Meat Solutions-ის საწარმო წარმოებას აპრილის შუა რიცხვებში შეაჩერებს, ხოლო სრულად მაისის ბოლოს დაიხურება. ქარხანა სპეციალიზებული იყო ახალი და დაფქული საქონლის ხორცის, ასევე დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებაზე, თუმცა პირუტყვის დაკვლას არ ახორციელებდა.
კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია „მომხმარებელთა მიმდინარე მოთხოვნებთან პორტფელის უკეთ შესათანხმებლად და საინვესტიციო პრიორიტეტების გადასანაწილებლად“. დაფქული ხორცის წარმოება სხვა ჩრდილოამერიკულ საწარმოებში გადაინაცვლებს და მომხმარებელთა კონტრაქტებზე გავლენას არ მოახდენს. Cargill-ს ვისკონსინში კიდევ შვიდი ობიექტი აქვს, ხოლო თანამშრომელთა ნაწილს შესაძლოა ახლომდებარე ბატლერის საწარმოში გადაყვანის შესაძლებლობა მიეცეს.
მილუოკის ქარხნის დახურვა ხდება მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს კონკურენტებმა, JBS-მა და Tyson Foods-მა, ასევე გამოაცხადეს ძროხის გადამამუშავებელი საწარმოების შეჩერება.
ძროხის ხორცის ფასები რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოს რჩება ძლიერი მოთხოვნისა და შემცირებული მიწოდების გამო. დამატებით ფაქტორად სახელდება აშშ-ში პირუტყვის რაოდენობის მკვეთრი კლება, თითქმის 75 წლის მინიმუმამდე, რაც ხანგრძლივმა გვალვამ და საძოვრების გაუარესებამ გამოიწვია. მიწოდებაზე ზეწოლა გააძლიერა მექსიკიდან პირუტყვის იმპორტის შეჩერებამაც, რომელიც პარაზიტის გავრცელების რისკთან არის დაკავშირებული.
გაზრდილი ხარჯების ფონზე ამერიკელი ხორცის გადამამუშავებლები ზარალს განიცდიან, რადგან იძულებულნი არიან პირუტყვი უფრო მაღალ ფასად შეიძინონ. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც არგენტინული საქონლის ხორცის დაბალტარიფიანი იმპორტის გაზრდას ითვალისწინებს, რაც ბაზრის ბალანსზე დამატებით გავლენას მოახდენს.







