ოქროსა და ვერცხლის ფასები ორშაბათს გაიზარდა და ნაწილობრივ დასტაბილურდა გასული კვირის მკვეთრი მერყეობის შემდეგ, რაც განპირობებული იყო თავშესაფარ აქტივებზე სუსტი მოთხოვნით, მოგების ფიქსაციითა და აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გარშემო გაზრდილი გაურკვევლობით.

სპოტ ოქროს ფასი 1.9%-ით გაიზარდა და უნციაზე 5,055.90 დოლარს მიაღწია, ხოლო აპრილის ფიუჩერსები 2%-ით, 5,081.49 დოლარამდე გამყარდა. ვერცხლი კიდევ უფრო მკვეთრად, 5.9%-ით გაძვირდა და 82.55 დოლარს მიაღწია, რითაც მნიშვნელოვნად დაშორდა გასულ კვირას დაფიქსირებულ დაახლოებით 60-დოლარიან მინიმუმს. 

ძვირფასი ლითონების ბაზარი გასულ კვირას ძლიერი რყევებით გამოირჩეოდა, რაც დაკავშირებული იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოსტზე კევინ უორშის დანიშვნის მოლოდინთან. მისი კანდიდატურა დოლარის გამყარებას შეუწყო ხელს, რამაც ლითონებზე გაყიდვების ტალღა და ინვესტორების მიერ მოგების ფიქსაცია გამოიწვია. ამასთან, თავშესაფარ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პროგრესის ფონზე.

მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნისა, 2026 წლის დასაწყისიდან ოქრო დაახლოებით 15%-ით, ხოლო ვერცხლი 5%-ით არის გაზრდილი. ანალიტიკოსების შეფასებით, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორები ოქროს კვლავ მიმზიდველ აქტივად მიიჩნევენ, რასაც ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ ოქროს შესყიდვების გაგრძელებაც ადასტურებს. იანვრის ბოლოსთვის ჩინეთის ოქროს რეზერვები 74.19 მილიონ ტროიულ უნციამდე გაიზარდა.

ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა, ასევე იაპონიაში არჩევნების შემდეგ შესაძლო ფისკალური ხარჯების ზრდა, ბაზარზე გაურკვევლობას ამძაფრებს და ძვირფასი ლითონების მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს.

Shares: