კომპანიების – Boeing-ისა და Airbus-ის აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა საუდის არაბეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Saudia-ს გეგმების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, ავიაკომპანია ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ისტორიაში ყველაზე მსხვილ შესყიდვაზე.
წინასწარი მონაცემებით, Saudia მინიმუმ 150 ახალი ავიახომალდის შეძენას გეგმავს. საუბარია როგორც ვიწროფუზელაჟიან, ისე ფართოფუზელაჟიან მოდელებზე, თუმცა კონკრეტული რაოდენობა და მოდელები ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. 80-წლიანი ისტორიის მქონე ავიაკომპანიის მიზანია როგორც არსებული 200-ხომალდიანი ავტოპარკის ნაწილობრივი განახლება, ისე გადაზიდვების საერთო შესაძლებლობების გაზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზრებზე ზოგადი კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, Boeing-ისა და Airbus-ის აქციებმა დაახლოებით 0.5%-იანი ზრდა აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიახაზები ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს ორივე მსხვილ მწარმოებელთან: 2024 წლის დასაწყისში მათ 105 ერთეული Airbus-ის თვითმფრინავი შეიძინეს, ხოლო 2023 წელს – 36-ზე მეტი Boeing 787 Dreamliner-ი.
წყარო: Investing.com







