კომპანია OpenAI-მ ChatGPT-ში სარეკლამო განცხადებების განთავსებისთვის მაღალი, პრემიუმ ტარიფები დააწესა. აღნიშნული ფასები ამერიკული ფეხბურთის (NFL) ვიდეოპროგრამების ღირებულებასაც კი უტოლდება და მნიშვნელოვნად აჭარბებს ისეთი კონკურენტების ტარიფებს, როგორიცაა Meta Platforms.
მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, კომპანია დამკვეთებს მხოლოდ საბაზისო ინფორმაციას აწვდის, კერძოდ, მონაცემებს ნახვებისა (impressions) და დაწკაპუნებების საერთო რაოდენობის შესახებ.
ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება სხვა ციფრული პლატფორმებისგან: OpenAI არ იძლევა ინფორმაციას მომხმარებელთა კონკრეტულ ქმედებებზე, მაგალითად, იყიდეს თუ არა მათ პროდუქტი. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი მოდელი უფრო სატელევიზიო რეკლამის პრინციპს ჰგავს, სადაც აქცენტი აუდიტორიის წვდომაზე კეთდება და არა დეტალურ ინტერნეტ-ანალიტიკაზე. ექსპერტთა ვარაუდით, OpenAI-ს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარს ისეთი დახვეწილი და სიღრმისეული მონაცემები შესთავაზოს, რასაც თანამედროვე დამკვეთები არიან ჩვეულნი.

წყარო: Investing.com

Shares: