ბრიტანულმა მოდის სახლმა Burberry-მ სადღესასწაულო კვარტალში გაყიდვების ზრდით ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. წარმატებას ხელი შეუწყო ბრენდის განახლებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა, რომლებმაც განსაკუთრებით ძლიერი გამოხმაურება ჰქონდა ჩინეთში Gen Z მომხმარებლებს შორის, რის შედეგადაც კომპანიის აქციები 4%-ზე მეტით გაიზარდა.
კომპანიის ცნობით, დეკემბრის ბოლომდე სამთვიან პერიოდში გაყიდვები 3%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 2%-იან ზრდას აღემატება. ჩინეთში გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, Gen Z მომხმარებლების სეგმენტში კი ზრდამ ორმაგნიშნა მაჩვენებლებს მიაღწია.
2024 წლის ივლისში დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ჯოშუა შულმანი Burberry-ის გარდაქმნას ტრენჩ-ქურთუკებზე, შარფებსა და ბრიტანულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული სტრატეგიით ხელმძღვანელობს. პარალელურად, კომპანიამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გასულ წელს თანამშრომელთა რაოდენობა 20%-ით შეამცირა.
J.P. Morgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Burberry-ის შედეგები პოზიტიური სიგნალია ლუქს-სექტორისთვის, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ბოლო წლებში მომხმარებელთა ხარჯვა შემცირებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში ტრაფიკი კვლავ გამოწვევად რჩება, კომპანიის ფინანსური დირექტორის, ქეით ფერის, თქმით, შეძენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო ფასდაკლებები გასულ წელთან შედარებით უფრო მოკლე და ნაკლებად ინტენსიური აღმოჩნდა.
Burberry აცხადებს, რომ გლობალურადაც იზრდება ახალგაზრდა მომხმარებლების ინტერესი, განსაკუთრებით შარფების კატეგორიაში, რაც ბრენდის სტრატეგიის ეფექტიანობას ადასტურებს.







