სილიკონის ველის (Silicon Valley – რეგიონი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ჰაბს წარმოადგენს. აქ თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი სტარტაპები, ინვესტორები და ინჟინრები. საინტერესოა ეტიმოლოგიაც. სახელი მოდის სილიკონისგან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ელემენტია მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოებაში. ტერმინი, პირველად, ამერიკელმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა გამოიყენა საკუთარ სტატიაში, 1971 წელს) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი, პიტერ თილი, კვლავ ბაზრის საწინააღმდეგო სვლით იქცევს ყურადღებას. თილის ჰეჯ-ფონდმა (ჰეჯ-ფონდი არის გაერთიანებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც იყენებს კომპლექსურ სტრატეგიებს შემოსავლების მაქსიმიზაციისა და რისკების შესამცირებლად, ხშირად მაღალი საკომისიოებით და ინვესტორებისთვის შეზღუდვების დაწესებით), “Thiel Macro”-მ, სრულად გაყიდა თავისი წილი Nvidia-ში (NVDA) და ეს კაპიტალი ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროს ორ სხვა გიგანტში – Apple-სა (AAPL) და Microsoft-ში (MSFT) – დააბანდა.

Nvidia, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში AI რევოლუციის სიმბოლოდ იქცა, პარაბოლური ზრდით ხასიათდებოდა – მისი აქციების ფასი დაახლოებით 1000%-ით გაიზარდა, რამაც იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცია. თუმცა, თილისთვის, რომელიც ცნობილია თავისი კონტროვერსული და განსხვავებული ხედვებით, Nvidia ზედმეტად „ხალხმრავალი“ ინვესტიცია გახდა.

ანალიტიკოსების აზრით, 4.5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის პირობებში, Nvidia სულ უფრო მეტად ხდება მოწყვლადი, იგი, შესაძლოა, დიდ პრობლემებს წააწყდეს: გეოპოლიტიკური რისკების, ტარიფების, ექსპორტის კონტროლისა და ისეთი კონკურენტების მიმართ, როგორიცაა Broadcom, რომელიც მომხმარებელს სპეციალიზებულ ჩიპებს სთავაზობს. თილის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ მან Nvidia-ს მიმართ რისკების ზრდის საშიშროება დაინახა.

ანალიტიკოსებს თილის სტრატეგიის გასაგებად საუკეთესო გზად „ოქროს ციებ-ცხელების“ მეტაფორა მოჰყავთ. მათი მიხედვით, Nvidia ჰგავს „ნიჩბებისა და წერაქვების“ მიმწოდებელს – ის მდიდრდება მანამ, სანამ ძიების პროცესი აქტიურია. თუმცა, ოქროს ციებ-ცხელება ადრე თუ გვიან სრულდება. ამის საპირისპიროდ, Apple და Microsoft არიან „მიწათმფლობელები“. მათ მფლობელობაშია სისტემები, სადისტრიბუციო ფენები და პლატფორმები, სადაც AI-ს „ძებნა“ მიმდინარეობს. მაგ. Apple-ს არ სჭირდება საკუთარი AI მოდელების შექმნაში რესურსების ხარჯვა, რადგან მისი ეკოსისტემა 2 მილიარდზე მეტ მოწყობილობას მოიცავს. Apple-ს შეუძლია უბრალოდ „ქირა“ დააწესოს იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც თავიანთ AI პროდუქტებს მისი პლატფორმის საშუალებით ავრცელებენ. Microsoft ქმნის AI-ზე ორიენტირებულ ოპერაციულ სისტემას და დომინირებს კორპორატიულ სექტორში (Office, Teams, Azure). მომხმარებლებისთვის Microsoft-ის პლატფორმიდან სხვაგან გადასვლა იმდენად რთულია, რომ კომპანია პრაქტიკულად გარანტირებულ გრძელვადიან შემოსავალს ინარჩუნებს.

პიტერ თილი, რომელმაც თავის დროზე სახელი PayPal-ის დაარსებითა და Facebook-ში პირველი ინვესტიციით გაითქვა, ამჯერად ათწლეულებზე გათვლილ პროგნოზს აკეთებს. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის Apple და Microsoft ჩამოყალიბდებიან AI იმპერიებად, რომლებიც დაბეგრავენ ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც მათ პლატფორმებს გამოიყენებს.

წყარო: Yahoo Finance

Shares: