საინვესტიციო კვლევათა კომპანიამ Wolfe Research 2026 წლისთვის ნავთობის სექტორის ყველაზე პერსპექტიული აქციები გამოავლინა და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევების ფონზე, სექტორი ინვესტორებისთვის კვლავ „სტაბილურ თავშესაფრად“ რჩება.
კვლევის მიხედვით, ნავთობის სექტორში ყველაზე პერსპექტიულები არიან არიან BP PLC და ExxonMobil, რომლებსაც ფირმა „Outperform“ რეიტინგით აფასებს და მათთვის 2026 წლისთვის ბაზარზე საშუალოზე უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს.
Wolfe Research-ის შეფასებით, BP 2025 წელს ენერგეტიკულ ETF XLE-ს დაახლოებით 5%-ით უსწრებს და 2026 წელსაც გააგრძელებს ზრდას. ანალიტიკოსები ინარჩუნებენ 51 დოლარის სამიზნე ფასს, რაც ასახავს კომპანიის პროგრესს ხარჯების შემცირების, ბალანსის გაძლიერებისა და ოპერაციული ეფექტიანობის კუთხით.
დამატებით დადებით ფაქტორად სახელდება BP-ის ახალი საბადოები ბრაზილიაში, რაც კომპანიის გრძელვადიან წარმოებით პერსპექტივებს აძლიერებს და ნაღდი ფულის გენერირების შესაძლებლობას ზრდის.
Wolfe Research-ის შეფასებით ExxonMobil რჩება ნავთობის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ. კომპანიამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ენერგეტიკულ ინდექსს დაახლოებით 10%-ით აჯობა. Wolfe ინარჩუნებს 140 დოლარის სამიზნე ფასს და ხაზს უსვამს Exxon-ის სტაბილურ მოგების პროგნოზებს 2030 წლამდე.
კომპანია აქტიურად აფართოებს წარმოებას, განსაკუთრებით აშშ-ის Permian Basin-ის რეგიონში, და გეგმავს 2030 წლისთვის ყოველდღიური წარმოების 5.5 მილიონ ბარელამდე გაზრდას.
Wolfe Research-ის შეფასებით, მიუხედავად ნავთობის ფასების პერიოდული მერყეობისა, ისეთი კომპანიები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ კაპიტალურ ხარჯებს, ინარჩუნებენ დისციპლინას და ქმნიან ძლიერ ფულად ნაკადებს, 2026 წელსაც ინვესტორებისთვის მიმზიდველად დარჩებიან.
ანალიტიკოსების თქმით, BP და ExxonMobil ამ ეტაპზე საუკეთესოდ არიან პოზიციონირებული იმისთვის, რომ ენერგეტიკული გარდაქმნის, გეოპოლიტიკური რისკებისა და ბაზრის არასტაბილურობის პირობებში კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნონ.







