აშშ-ში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შესყიდვა დაიწყო. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს საბინაო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

Freddie Mac-ის მონაცემებით, 30-წლიან ფიქსირებულ იპოთეკურ სესხზე საშუალო განაკვეთი 6.06%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. ერთი კვირით ადრე მაჩვენებელი 6.16% იყო, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 7.04%.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა ფედერალურ საბინაო საფინანსო სააგენტოს (FHFA), რომელიც ზედამხედველობს Freddie Mac-სა და Fannie Mae-ს, დაავალა ამ ინსტიტუტების მიერ გამოშვებული 200 მილიარდი დოლარის ობლიგაციების შესყიდვა. სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ პულტემ განაცხადა, რომ პროგრამა უკვე ამოქმედდა და პირველ ეტაპზე 3 მილიარდი დოლარის მოცულობის შესყიდვები განხორციელდა.

საბინაო ხარჯების შემცირება ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რესპუბლიკური პარტია რთული პოლიტიკური ბრძოლის წინაშე დგას კონგრესზე კონტროლის შესანარჩუნებლად . 

ამასთან, პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ინსტიტუციურ ინვესტორებს საოჯახო საცხოვრებელი სახლების შეძენას აუკრძალავს, რაც კერძო მყიდველებისთვის კონკურენციის შემცირებას ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს, რომ , 15-წლიან ფიქსირებულ იპოთეკურ სესხზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 5.38%-მდე შემცირდა, წინა კვირის 5.46%-დან, მაშინ როცა ერთი წლის წინ ის 6.27% იყო.

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავრობის ჩარევა იპოთეკურ ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში ხელს უწყობს განაკვეთების კლებას, თუმცა შედეგების მდგრადობა დიდწილად დამოკიდებული იქნება ინფლაციის დინამიკასა და ფედერალური რეზერვის პოლიტიკაზე.

Shares: