კომპანია OpenAI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერად ითვლება, $10 მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ჩიპების მწარმოებელ კომპანია Cerebras-თან. აღნიშნული შეთანხმება ChatGPT-ის მწარმოებელს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები AI სფეროში და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა გამოთვლით სიმძლავრეებზე (computing powers). სამწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, OpenAI შეიძენს 750 მეგავატამდე გამოთვლით სიმძლავრეს, რომელიც ექსპლუატაციაში 2028 წლამდე, რამდენიმე ეტაპად შევა.
Cerebras-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდრიუ ფელდმანის განცხადებით, მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დადასტურდა, რომ მათი ჩიპები OpenAI-ის მოდელებს ტრადიციულ GPU-ებზე (GPU – გრაფიკული პროცესორი, სპეციალიზებული ელექტრონული სქემა, შექმნილი ციფრული გამოსახულების დასამუშავებლად და კომპიუტერული გრაფიკის ასაჩქარებლად) ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ეს ინტეგრაცია მიზნად ისახავს AI-ს რეაგირების სისწრაფის მნიშვნელოვან გაზრდას.
ეს გარიგება გარდამტეხია Cerebras-ისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას (Initial Public Offering [IPO] – კერძო კომპანიის აქციების საჯარო გაყიდვის პროცესი, კომპანიაში კაპიტალის მოზიდვის მიზნით. გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამატებითი აქციების გამოშვებით, ისე კომპანიის აქციონერების მიერ უკვე არსებული აქციების გამოტანით ბაზარზე) გეგმავს. ეს ნაბიჯი დაეხმარება კომპანიას, შეამციროს დამოკიდებულება მის უმსხვილეს კლიენტსა და ინვესტორზე – არაბულ კომპანიაზე “G42”. აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის ხელმძღვანელი, სემ ოლტმენი, Cerebras-ის ადრეული ინვესტორია.
პარალელურად, OpenAI თავადაც ემზადება IPO-სთვის, რომელმაც შესაძლოა კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს. სემ ოლტმენის გეგმით, კომპანია აპირებს 1.4 ტრილიონი დოლარის ინვესტირებას 30 გიგავატი გამოთვლითი რესურსების შესაქმნელად, რაც 25 მილიონი ამერიკული ოჯახის სამყოფ ენერგიას უტოლდება. მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ინდუსტრიაში არსებობს შიში, რომ AI სექტორში შეიძლება კრიზისი დაიწყოს.
წყარო: Yahoo Finance







