ხელოვნური ინტელექტის გიგანტმა Nvidia-მ 2026 წლის სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES) თავისი DRIVE პლატფორმის მასშტაბური განახლება წარადგინა, რამაც შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს თვითმარდვადი ავტომობილების (autonomous vehicle) ბაზარი. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით საგანგაშოა Tesla-ს ინვესტორებისთვის, რადგან Nvidia-ს ახალი ტექნოლოგია პრაქტიკულად ნებისმიერ ავტომწარმოებელს აძლევს საშუალებას, შექმნას საკუთარი თვითმართვადი ავტომობილი და კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის ამბიციურ პროექტს, რომელიც “Cybercab”-ის სახელითაა ცნობილი (ეს გულისხმობს სრულად თვითმართვადი, უსაჭო Tesla-ს ელექტრომობილის შექმნას, რომელიც “რობოტაქსის” ფუნქციას შეასრულებს, Tesla აღნიშნული მოდელების წარმოებას 2026 წლიდან აპირებს).
Nvidia-ს DRIVE Hyperion პლატფორმა, აღჭურვილია უმძლავრესი AGX Thor ბორტ-კომპიუტერებით, რომლებიც Blackwell-ის (Blackwell წარმოადგენს Nvidia-ს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გრაფიკულ პროცესორს) არქიტექტურას ეფუძნება. სისტემა მოიცავს სენსორების სრულყოფილ კომპლექტს: 14 კამერას, 12 ულტრაბგერით სენსორს, ერთ LIDAR სისტემას და ა.შ. თუმცა, მთავარი სიახლე ისაა, რომ მანქანებში ჩაშენებული იქნება Alpamayo-ს (ეს არის Nvidia-ს მიერ ინიცირებული პროექტი. იგი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა სისტემაა, რომელიც ეხმარება სატრანსპორტო საშუალებებს რეალურ სიტუაციებში ადამიანების მსგავსად იაზროვნონ, რაც უზრუნველყოფს სრულად თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებების მეტ უსაფრთხოებასა და მდგრადობას) ღია კოდის მქონე AI მოდელები. ეს ეკოსისტემა ავტომწარმოებლებს სთავაზობს 300,000-ზე მეტ რეალურ ვიდეო კლიპს და AlpaSim სიმულაციურ სისტემას, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, წლების განმავლობაში მონაცემების შეგროვების გარეშე ააწყონ თვითმართვადი ავტომობილები. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Toyota, Mercedes-Benz, Volvo და Hyundai, უკვე აქტიურად იყენებენ ამ პლატფორმას.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს აქციების ფასი 2025 წელს რეკორდულ ნიშნულზე ავიდა, კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვები 8.5%-ით შემცირდა. ინვესტორების ოპტიმიზმი ძირითადად Cybercab-ის მომავალზეა დამოკიდებული, თუმცა მისი მასობრივი წარმოება მხოლოდ 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Tesla უკვე ჩამორჩება კონკურენტებს; მაგალითად, Alphabet-ის Waymo უკვე ახორციელებს კვირაში 450,000-ზე მეტ რეისს აშშ-ს ხუთ ქალაქში. გარდა ამისა, Tesla-ს სრულად თვითმართვადი ავტომობილების ზედამხედველობის გარეშე გამოყენება ჯერ კიდევ არ არის ნებადართული აშშ-ს არცერთ შტატში, რაც 2026 წელს Cybercab-ის ექსპლუატაციაში მიღებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
Tesla-ს ამჟამინდელი საბაზრო შეფასება ექვსჯერ აღემატება Nvidia-ს მაჩვენებელს, ხოლო ნებისმიერი შეფერხება რობოტაქსების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში აქციების მკვეთრი ვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ Ark Invest პროგნოზირებს Cybercab-ისგან 756 მილიარდი დოლარის შემოსავალს 2029 წლისთვის, Nvidia-ს მიერ თვითმართვადი ტექნოლოგიის სფეროში განხორციელებული წინსვლა ამ პროგნოზის რეალურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არსებული კონკურენციის ფონზე Nvidia-ს წინსვლა Tesla-სთვის ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებას კიდევ უფრო გაართულებს.
წყარო: Yahoo Finance







