საინვესტიციო კვლევითი კომპანია Bernstein მიიჩნევს, რომ აზიის ავტომატიზაციისა და რობოტიკის სექტორი 2026 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ტარიფების, ვალუტის მერყეობისა და ფართო მაკროეკონომიკური წნეხის ფონზე 2025 წელი სექტორისთვის რთული აღმოჩნდა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს დაიწყება ფაბრიკული ავტომატიზაციის ციკლური აღდგენა, რაც სექტორის წამყვან კომპანიებს ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
Bernstein-ის შეფასებით, ინდუსტრიული ავტომატიზაცია მკვეთრად ციკლური სფეროა: შემცირების პერიოდს ხშირად მოჰყვება მოთხოვნის მკაფიო აღდგენა. სწორედ ამ კონტექსტში კომპანია გამოყოფს ოთხ ორგანიზაციას, რომლებიც 2026 წელს ინვესტორების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.
1. Keynance:
იაპონური კომპანია Keyence ფაბრიკული ავტომატიზაციის მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს კომპანიის აქციები აშშ-ის ტარიფებისა და ვალუტის რყევების გამო სუსტი დინამიკით გამოირჩეოდა, Bernstein მიიჩნევს, რომ კომპანიის ფუნდამენტური მაჩვენებლები კვლავ ძლიერია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, 2026 წელს ავტომატიზაციაზე მოთხოვნის ზრდა Keyence-ს გაყიდვებს გააძლიერებს და კომპანიას საშუალებას მისცემს კვლავ დაუბრუნდეს ორნიშნა ზრდის ტემპს, რაც აქციების ღირებულებაზეც დადებითად აისახება.
2. SMC
მეორე იაპონური კომპანია, SMC, ინდუსტრიული ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. ბოლო წლებში კომპანიამ ზედმეტად გაზარდა წარმოების მოცულობა, რამაც მოგების მარჟებზე ზეწოლა გამოიწვია. თუმცა, Bernstein ვარაუდობს, რომ გლობალური მოთხოვნის აღდგენის ფონზე ეფექტიანობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება.
2026 წელს შემოსავლების ზრდა ფართოდ არის მოსალოდნელი, ხოლო 2027 ფინანსურ წელს, როდესაც ხარჯები უფრო სტაბილური გახდება, SMC-ს შეუძლია მნიშვნელოვანი მარგინალური ზრდის დაწყება, რაც აქციების გადაფასების საფუძველს შექმნის.
3. Shuanghuan:
ჩინეთში Bernstein განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Shuanghuan-ს — კომპანიას, რომელიც რობოტებისთვის მექანიკურ კომპონენტებს აწარმოებს. Shuanghuan აქტიურად ფართოვდება რობოტექნიკის მიმართულებით და განსაკუთრებით პოზიციონირებულია ჰუმანოიდური რობოტების განვითარების ტენდენციაზე.
ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს თემა შეიძლება გახდეს კომპანიის მთავარი ზრდის კატალიზატორი, რის შედეგადაც 2026 წელს Shuanghuan-ის აქციების ფასის ზრდა საკმაოდ რეალისტურ სცენარად განიხილება.
4. Hesai
კიდევ ერთი ჩინური კომპანია, Hesai, ცნობილია LiDAR ტექნოლოგიებით – სენსორებით, რომლებიც გამოიყენება როგორც ავტონომიურ ტრანსპორტში, ასევე რობოტიკაში. Bernstein მიიჩნევს, რომ კომპანიის პოტენციალი მხოლოდ თვითმართვადი მანქანებით არ შემოიფარგლება და მომავალში მისი ტექნოლოგია უფრო ფართოდ დაინერგება სხვადასხვა რობოტულ სისტემაში..
მომავალ წლებში LiDAR-ის ფართო გამოყენება სხვადასხვა რობოტულ სისტემაში Hesai-ს საშუალებას მისცემს გაზარდოს წარმოების მასშტაბი და გააუმჯობესოს მომგებიანობა.
საერთო ჯამში, Bernstein-ის ხედვით, აზიური ავტომატიზაციისა და რობოტიკის სექტორი 2026 წელს აღდგენის ეტაპზე გადავა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბაზარი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სრულად არ აფასებს სექტორის პოტენციალს, რაც ზრდის შესაძლებლობას ქმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გლობალური ავტომატიზაციის ახალი ციკლისთვის უკვე მზად არიან.







