Google-მა ორშაბათს ორი ახალი ინიციატივა წარადგინა. კომპანია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეეცდება, გააუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობა და გაზარდოს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
პირველი ინიციატივა წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებისთვის და შექმნილია Grand Challenges Canada-სა და McKinsey Health Institute-თან პარტნიორობით. დოკუმენტი მოიცავს ფუნდამენტურ კონცეფციებს, გამოყენების პრაქტიკულ შემთხვევებსა და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობაში. სახელმძღვანელო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ექიმების/მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, პერსონალიზებული დახმარების უზრუნველყოფას, სამუშაო პროცესების გამარტივებას და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას.
მეორე ინიციატივის ფარგლებში, Google for Health და Google DeepMind თანამშრომლობენ Wellcome Trust-თან, რათა განახორციელონ გრძელვადიანი ინვესტიცია ხელოვნური ინტელექტის კვლევაში, რომელიც შფოთვის, დეპრესიისა და ფსიქოზის მკურნალობაზე იქნება ფოკუსირებული. დაფინანსება მოიცავს Wellcome Trust-ის კვლევით გრანტებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ზუსტ, ობიექტურ და პერსონალიზებულ დიაგნოსტიკურ მეთოდებს და შეისწავლის პოტენციურად ინოვაციურ თერაპიულ ინტერვენციებს, მათ შორის ახალ მედიკამენტებსაც.Google-მა ეს ინიციატივები “ორმხრივ მიდგომად” შეაფასა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც მენტალური ჯანმრთელობის დაუყოვნებელ მხარდაჭერას, ასევე ეფექტური მკურნალობის განვითარების ხელშეწყობას მომავალში.
კომპანიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანს არ აქვს წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამკურნალო სერვისებზე წვდომა, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.







