კრიპტოვალუტის ბაზარი ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების საგანია. შვიდთვიანი კონსოლიდაციისა და ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურის გამარჯვების შემდეგ, ბაზარმა მკვეთრი ზრდა განიცადა, ხოლო მთავარი კრიპტო აქტივი – ბიტკოინი, დღითიდღე ახალ რეკორდულ ფასის ნიშნულებს იპყრობს. ამ დინამიურ გარემოში ბაზარი ინვესტორებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. სტატიაში განვიხილავთ კრიპტო პროექტებს, რომლებიც დეკემბრის თვეში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. უკეთ გაიგებთ, რომელი მონეტებია პერსპექტიული მიმდინარე პერიოდში და რა მიზეზების გამო არიან ისინი საერთაშორისო ინტერესის არეალში.
სტატია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ფინანსური და საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით მიიღეთ.
ბიტკოინი: სავაჭრო აბრევიატურა – BTC
ბიტკოინი არის ციფრული ვალუტა, რომელიც არ კონტროლდება ცენტრალური ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ. იგი შეიქმნა 2009 წელს ანონიმური პიროვნების ან ჯგუფის მიერ, სახელად სატოში ნაკამოტო. ბიტკოინის საფუძველია ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და კომპლექსური ალგორითმების გამოყენებით ოპერაციების შესრულებას. იგი ჰგავს ოქროს ინტერნეტ ვერსიას, რადგან ორივე მათგანი საჭიროებს მოპოვებას და ნაღდი ფულისგან განსხვავებით, რომელსაც არ აქვს მიწოდების შეზღუდვა, ბიტკოინი და ოქრო მიწოდების მხრივ ამოწურვადი რესურსებია.
რატომ ბიტკოინი დეკემბერში? – 2024 წლის 10 იანვრიდან ამერიკის ფასიანი ქაღალდების გაცვლის კომისიამ (SEC) საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ტრილიონობით დოლარის ღირებულების მქონე აქტივებს მართავენ, დაუდასტურა მოთხოვნები ბიტკოინით გამყარებული სავაჭრო ფონდების (ETF) შექმნასთან დაკავშირებით, რამაც აქტივზე მოთხოვნა ინსტიტუციონალურ დონეზეც აიყვანა. თუმცა ეს ფინანსური გიგანტები ბიტკოინის შეძენის ოპერაციებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებდნენ ბირჟებს გარეთ სავაჭრო ბაზრებზე (OTC). შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეული მოთხოვნა არ აისახებოდა ბიტკოინის ფასზე. ეს ფუფუნება კი მათთვის დასასრულს უახლოვდება, რადგან ბირჟის გარეთ ბაზრებზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ბიტკოინიღაა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისინი იძულებულები იქნებიან, ბიტკოინის შეძენა უშუალოდ ბირჟებიდან დაიწყონ, რაც ბოლო ექვსი თვისგან განსხვავებით ფასზე პირდაპირ აისახება.
ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას კრიპტო სამყარო დადებით მოვლენად აღიქვამს, რადგან აწ უკვე პრეზიდენტი პრო-კრიპტო ფიგურად არის ცნობილი. კონგრესში კრიპტო სექტორის მხარდამჭერი კონგრესმენების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ასევე ამერიკის ფასიანი ქაღალდების გაცვლის კომისიის (SEC) თავმჯდომარის – გარი გენსლერის დღეები ოფისში დათვლილია. მან არაერთი პროვოკაციული საქმე აღძრა წამყვანი კრიპტო კომპანიების წინააღმდეგ. მისი გადადგომის ჭორები კი მთლიანი კრიპტო ბაზრისთვის დადებით მოლოდინებს აღძრავს. იანვრიდან, როდესაც ტრამპის ოფისი ოფიციალურად გადაიბარებს თეთრ სახლს, კიდევ უფრო მეტი დადებითი მაკრო სიახლე შეიძლება გაჟღერდეს კრიპტო სექტორთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში ბიტკოინზე აისახება.
გარდა ამისა, ცენტრალური ბანკები აგრძელებენ რეფინანსირების განაკვეთების კლებას. ეს პროცესი ფიატ ვალუტებს ასუსტებს და აქტივებს, რომლებიც ივაჭრებიან ამ ვალუტების წინააღმდეგ (ოქრო, ვერცხლი, ნავთობი, ბიტკოინი, საფონდო ინდექსები), უფრო მომხიბვლელ საინვესტიციო ვარიანტებად წარმოაჩენს.
სრულ სტატიას გაეცანით დეკემბრის გამოცემაში.