Align Technology, Inc
რომელი კომპანიების აქციები აჩვენებენ ზრდას ნოემბერში? მოკლევადიანი პერიოდის ანალიზისთვის შეიძლება რამდენიმე სტრატეგია იყოს განხილული, თუმცა ამ სტრატეგიათა შორის საუკეთესოდ მიმაჩნია აქციის ფასის მომენტუმის ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა.
ნოემბერში ფასების დადებითი ტენდენციას აჩვენებს S&P500-ის ინდექსში შემავალი 3 საუკეთესო მომენტუმის მქონე აქცია, მომავალი თვის ანალიზისთვის გასათვალისიწინებელია ერთი წლის პერიოდისთვის შევხედოთ მომენტუმებს. პირველი კომპანიის ALGN-ს (Align Technology, Inc.) ერთ წლიანი მომენტუმი არის 137.56 $, 6 თვიანი მომენტუმი 103.10$, და აქციას აქვს პოზიტიური 10 დღიანი მომენტუმიც. ფასების დადებითი ტრენდი კარგად ჩანს კომპანიის თვიური ფასების ტრენდის ამსახველ გრაფიკზე
გრაფიკი 1. ტრენდი, Align Technology, Inc., NASDAQ;
კომპანია აწარმოებს 3D ციფრულ სკანერებს, რომელიც გამოიყენება ორთოდონტიაში. კომპანიის წმინდა მოგება 2020 წლის ბოლოს წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 300 %-ით. წინა თვესთან შედარებისთვის უნდა ვთქვათ, რომ ოქტომბრის ბოლოს ფაქტობრივი წმინდა მოგება პროგნოზირებულთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 11 %-ით.
რაც შეეხება ტექნიკური ანალიზს (გრაფიკი 2) , მოსალოდნელია რომ ნოემბერში ფასების 737$-იანი წინაღობის (Resistance) დონე გაიტესტოს და შესაძლოა ჩამოაყალიბდეს თავისა და მხრების მოდელი, (Head and Shoulders Pattern). ტექნიკური ინდიკატორი ექსპონენციალური მოძრავი საშუალო (Exponential Moving Average), ფასების მიმდინარე დონის ზემოთ იმყოფება, რაც ასევე ფასების დადებითი ტრენდის შექმნის მანიშნებელია.
აღსანიშნავია ერთმანეთის ქვემოთ დახურული სამი წითელი სანთლის ჩამოყალიბებაც, რომელსაც ტრენდი უნდა შემოებრუნებინა და დაღმავალი ტრენდი შეექმნა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ფასები გაიზარდა. ეს ფაქტიც დაღმავალ ტრენდთან შედარებით აღმავალი ტრენდის სიძლიერეზე მიუთითებს.
გრაფიკი 2. მოძრავი საშუალო და წინაღობის დონე, Align Technology, Inc., NASDAQ;
General Electric Company
მეორე კომპანია, რომელსაც განვიხილავთ გახლავთ GE (General Electric Company). GE გახლავთ ინდუსტრიული კომპანია, რომელიც ფარავს ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ავიაციისა და ჯანდაცვის სფეროებს და მის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ინოვაციით. კომპანიას თავის ვებგვერდზე გაცხადებული აქვს, რომ მისი მთავარი მემკვიდრეობა ინოვაციაა და აქვს პრეტენზია, რომ ინოვაციის მემკვიდრეობით ამერიკულ კომპანიათა შორის კონკურენტი არ გააჩნია. კომპანიის ფაქტობრივი წმინდა შემოსავალი 2021 წლის გასული სამი კვარტლის განმავლობაში ყოველკვარტალურად იზრდებოდა. ყოველ კვარტალში ფაქტობრივი წმინდა შემოსავალი პროგნოზირებულ წმინდა შემოსავალს აღემატება. კიდევ უფრო დიდი ზრდა არის პროგნოზირებული მეოთხე კვარტალის ბოლოს. რაც შეეხება ფასის მომენტუმს ვნახავთ, რომ კომპანიის ფასის ერთ წლიანი მომენტუმი არის 108.80 $ და აქციას აქვს პოზიტიური 10 დღიანი მომენტუმიც.
მაისიდან-ივნისამდე ფასებმა დაიწყო ე.წ. ჭიქის (Cup with Handle) პატერნის ჩამოყალიბება (გრაფიკი 3), რომლის ჩამოყალიბების საშაუალო პერიოდი არის 1-დან 6 თვემდე, რადგან მისი ჩამოყალიბება არ დასრულებულა, ნოემბერში ფასების აღმავალ ტრენდს უნდა ველოდეთ. აღსანიშნავია, რომ ჭიქის ფორმირების შემდეგ ჩამოყალიბდება მისი ხელი, რომლის ჩამოყალიბების პერიოდი 1-დან 4 კვირამდეა.
გრაფიკი 3. ჭიქის ნიმუში, General Electric Company, NYSE;
The Travelers Companies Inc
მესამე კომპანია, რომელსაც განვიხილავთ გახლავთ სადაზღვევო კომპანია TRV (The Travelers Companies, Inc.). ფასის ერთ წლიანი მომენტუმი არის 108.45$, 6 თვიანი მომენტუმი 100.87$ და აქციას აქვს პოზიტიური 10 დღიანი მომენტუმიც.ფასების დადებითი ტრენდი კარგად ჩანს კომპანიის კვირეულ ფასების ტრენდის ამსახველ გრაფიკზე (გრაფიკი 4).
გრაფიკი 4. ტრენდი, The Travelers Companies Inc., NYSE;
კომპანიის შემოსავლები 2017-2020 წლებში სტაბილურად მაღალია და ასევე ზრდადი ტენდენცია აქვს წმინდა მოგებასაც. თუ განვიხილავთ, მოსალოდნელ და ფაქტობრივ წმინდა მოგებას შორის განსხვავებას, 2020 წლის მეოთხე კვარტალსა და 2021 წლის სამივე კვარტალში ფაქტობრივი წმინდა მოგება აღემატება შეფასებულს, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ მეოთხე კვარტალშიც იგივე შედეგი დაფიქსირდება. ასევე ის მეტი იქნება წინა სამი კვარტლის შედეგზე (როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბოლო კომპანიისთვის მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ბოლო კვარტალში წმინდა მოგება ყოველთვის აღემატება წინა კვარტლების წმინდა მოგებებს).
გრაფიკი 5. წმინდა მოგება მლრდ. $, The Travelers Companies Inc., NYSE;
აღსანიშნავია, რომ აღმავალი ტრენდი რამდენჯერმე ცდილობდა შემობრუნებას (გრაფიკი 6, მართკუთხედებით აღნიშნული არეები), თუმცა ვერასდროს შეძლო შეექმნა დაღმავალი ტრენდი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მესამე მართკუთხედზე, სადაც გამოსახულია ორი წითელი სანთელი. ტრენდმა დაკარგა კუთხე თუმცა მაინც აღმავალი დარჩა.
გრაფიკი 6. The Travelers Companies Inc., NYSE;
გრაფიკზე 7, გამოსახულია სიმეტრიული სამკუთხედი (Symmetric Triangle), რომლის შემდეგ დაწყებული ფასების ზრდა (Breakout) ან ფასების შემცირება (Breakdown) უზრუნველყოფს სამიზნე ფასის ჩამოყალიბებას შესაბამისი მიმართულებით. თვითონ ეს სამიზნე ფასი დასრულების წერტილზე სამკუთხედში ჩამოყალიბებულ უმაღლეს და უმცირეს ფასთა შორის სხვაობის ნამატს წარმოადგენს. ჩვენს შემთხვევაში სამიზნე ფასის ნამატი დაახლოებით 16$-ია, რასაც ფასის დაახლოებით 169$-მდე ზრდა უნდა დაეფიქსირებინა. აღნიშნული გვაძლევს იმის მტკიცებისათვის არგუმენტს, რომ ფასი ამ დონეს აუცილებლად გატესტავს. ასევე იმავეს მტკიცების საშუალებას გვაძლევს გრაფიკი 8. ვხედავთ, რომ პირველი ტალღა ზრდად ტრენდს გვიჩვენებს, თუმცა მას მოჰყვება ისეთი სანთელი, რომელსაც უნდა შეექმნა კლებადი არხი (Bearish Channel). მიუხედავად ამისა, ტალღას წამოჰყვა მეორე ტალღა რომელიც ასევე აღმავალ ტრენდს გვიჩვენებს. საგულისხმოა, რომ მეორე ტალღა უფრო მოკლეა ვიდრე პირველი და იძლევა საშუალებას იმისა, რომ დაფიქსირდეს ფასის უფრო მაღალი ნიშნული.
გრაფიკი 7. სიმეტრიული სამკუთხედის ნიმუში, The Travelers Companies Inc., NYSE;
გრაფიკი 8. The Travelers Companies Inc., NYSE;
რაც შეეხება ექსპონენციალურ მოძრავ საშუალოს (Exponential Moving Average), ის ფასების მიმდინარე ტრენდს ქვემოთაა (გრაფიკი 9) , რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღმავალი ტრენდი გაგრძელდება. იგივე მდგომარეობა გვაქვს 20, 50 და 200 დღიან მოძრავი საშუალოების შემთხვევაშიც (20-50-200 SMA). ისინი მიმდინარე ტრენდს ქვემოთ არიან. დამატებით უნდა ვთქვათ, რომ მოკლევადიანი მოძრავი საშუალოები, ჩვენს შემთხვევაში 20 და 50 დღიანი მოძრავი საშუალოები, გრძელვადიანი 200 დღიანი მოძრავი საშუალოს ზემოთ იმყოფებიან, რაც მოსალოდნელ დადებით ტრენდს მიუთითებს.
გრაფიკი 9. მოძრავი საშუალოები, The Travelers Companies Inc., NYSE;
ჩვენ მიერ განხილული სამივე კომპანია ინდექს S&P500-ის შემადგენელი ნაწილია და მათი აქციები უმსხვილეს სავაჭრო ბირჟებზე ივაჭრება. ისინი ხასიათდებიან ძალიან ძლიერი ფასების მომენტუმით, როგორც ერთწლიან ასევე ნახევარწლიან პერიოდში. ფუნდამენტურ ანალიზთან ერთად განხილულ იქნა ტექნიკური ანალიზის სხვადასხვა ნიმუში და ინდიკატორი. წარმოდგენილი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ აქციათა ფასების ძლიერი მომენტუმი და ფასების ზრდადი ტრენდი ნოემბრის თვეშიც უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად მათი თავიდან მოშორება ცუდი გადაწყვეტილებაა.