8 წელი იცხოვრა რეგიონში, შექმნა დივერსიფიცირებული აგრობიზნესი- რძის გადამამუშავებელი ქარხნით, ხილის და ბოსტნეულის შემნახველით, ვაშლის ბაღებით…
8 წლის განმავლობაში რეგიონში დანახულმა პრობლემებმა კი ფერმერთა ასოციაციის შექმნის იდეა გაუჩინა – ეს ნინო ზამბახიძეა, საქართველოში ერთ- ერთი წარმატებული ასოციაციის თავმჯდომარე.
ბიზნესი 2008 წელს დაიწყო, 2012 წელს კი შექმნა დღეისათვის ისეთი მდგრადი ორგანიზაცია, როგორიც ფერმერთა ასოციაციაა. „მეურნეობას შეველიე, ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა გააგრძელა საქმიანობა. რეალურად 8 წელი რეგიონში ვიცხოვრე და სწორედ იქ დანახულმა პრობლემებმა მოიტანა ფერმერთა ასოციაცია, რომელიც ერთ–ერთი წარმატებულია საქართველოში,”-ამბობს ნინოზამბახიძე.
იხსენებს, რომ ბიზნესში ყველაფერი მისი პროგნოზის მიხედვით არ მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირება ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამბობს, რომ რთულია, ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, პროგნოზმა გაამართლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ლავირების საშუალებაც გქონდეს.
“ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ქაოსურად იყო, ყოველთვის ვერგებოდი გარემოებებს. განვითარებულ ქვეყნებში პროგნოზის გაკეთება და 10 წლიანი გეგმის ჩამოყალიბება გაცილებით მარტივია, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში – რთული, ამიტომ საჭიროა გქონდეს ლავირების საშუალება. დიდი კორპორაციებისთვის, რომლებსაც ყველაფერი წინასწარ გაწერილი აქვთ, შემდეგ ლავირება რთულია, ბევრი ბარიერის გადალახვა უხდებათ, თუ პატარა, მოქნილი კომპანიაა, გაცილებით მარტივად ერგება გარემოებებს. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ბიზნესს წარმატებაში ეხმარება, ფინანსების სწორი მართვაა. შეიძლება ფინანსები გქონდეს და არარაციონალურად მოახდინო მისი ხარჯვა, ინვესტირება. ზოგჯერ ეს ემოციაზე, სურვილებზე დაყრდნობით ხდება, მაგრამ ცოდნაზე დაფუძნებული ფინანსების მართვა ალბათ ყველაზე მეტად არის წარმატების მომტანი,”– აღნიშნავს ზამბახიძე.
ამბობს, რომ ბიზნესის მართვის პროცესში არასდროს არის მხოლოდ ინტუიციის ან ინვესტიციის იმედად, ყოველთვის აკეთებს კვლევას და ცდილობს ყველაფერი გლობალურად დაინახოს.
“რაც ახლა განვითარებულ მსოფლიოში ხდება, მაგალითად, ავიღოთ გაციფროვნების მიმართულება, ჩვენ თუ ამას ჩამოვრჩით, მერე ძალიან გაგვიჭირდება, დავეწიოთ. 2017 წელს დავიწყე მობილური აპლიკაცია “აგრონავტის” გაკეთება და მაშინ ყველა ამბობდა, როდის მოიკიდებს ეს აპლიკაცია საქართველოში ფეხს? პანდემიამ გვაჩვენა, რომ აპლიკაცია რომ არ გვქონოდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ფერმერების დახმარება, ამიტომ თითქოს უფრო დიდ სურათში ვუყურებ ყველაფერს, შემდეგ ეს ინტუიცია და ინვესტიციაც ამაზეა მიბმული, როცა რაიმეს ვავითარებ მხოლოდ ინტუიციის და ინვესტიციის იმედად არ ვარ, მეტ კვლევას ვაკეთებ, გლობალურად ვუყურებ ამ ყველაფერს“ .
სურათის გლობალურ ჭრილში დანახვისას ზამბახიძე გაციფროვნებულ მსოფლიოში კრიპტო ბაზრის მნიშვნელობაზეც საუბრობს. “კრიპტო ბაზარი ჩემთვის მომავალია, რადგან გაციფროვნებულ ერაში ყველაფერი კრიპტოთი იქნება სამომავლოდ. არ ვიცი, საქართველო რამდენად სწრაფად ადაპტირდება ამ ყველაფერთან, მაგრამ მსოფლიოში ეს ტენდენცია დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს“,– იგი მიიჩნევს, რომ ქართული ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის საფონდო ბირჟებისა და სავალუტო ბაზრის შესახებ ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია. “ სავალუტო ბაზარი განვითარებულ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია. საფონდო ბირჟას რაც შეეხება, ეს არის ფინანსური კაპიტალის მოზიდვის და კომპანიის განვითარების შესაძლებლობა,”– ამბობს ზამბახიძე.